შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და ოდესის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსმა, გია ლორთქიფანიძემ, ახმედ ჩატაევის დაკავებასთან დაკავშირებით ტელეკომპანია «რუსთავი 2″-ის გადაცემა «კურიერში» ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, თავდაპირველად ჯგუფს სამართალდამცავ ორგანოსთან მოლაპარაკება შესთავაზეს.
„როდესაც ინფორმაცია შემოვიდა, რომ ლაფანყურის ტყის მასივში აღმოჩენილი იყვნენ შეირაღებული პირები და იყო ინფორმაცია, რომ მიდიოდნენ რუსეთის მიმართულებით საზღვრისკენ, ეს ჯგუფი შეჩერებული იქნა ჩვენს მიერ… გაგზავნილი იქნა ანტიტერორისტული ჯგუფი, რათა გაერკვიათ ვინ იყვნენ… მოლაპარაკების დროს სანდრო ამერიძესთან მათ მიეცათ დრო, რომ იარაღი დაეყარათ და გადასულიყვნენ მოლაპარაკების რეჟიმში, მაგრამ მოლაპარაკება ამერიძესთან ანუ სამართალდამცვლებთან არ შედგა და იძულებული ვიყავით მოლაპარკებებში ჩაგვერთო ვინმე ისეთი პირი, ვისაც ისინი უფრო მოუსმენდნენ და დაუჯერებდნენ.
იმ პერიოდში ჩატაევი იმყოფებოდა საქართველოში და ჩატაევი და ზელიმხან ხანგოშვილი ჩემი თხოვნით ჩაერთვნენ მოლაპარაკებაში, ავიდნენ იმ ადგილას, სადაც ეს ჯგუფი იმყოფებოდა, მოლაპარაკება 3 სააათზე მეტ ხანს გაგრძელდა… შემდეგ დაგვიკავშირდნენ ზელიმხან ხანგოშვილი და ჩატაევი და თქვეს, რომ ჯგუფთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს იმიტომ, რომ ისინი ამბობნენ რომ, ჩვენ მუსულმანები ვართ და იარაღს ვერ დავყაროთო. გავარკვიეთ, რომ ესენი იყვნენ შეცდომაში შეყვანილნი, არიან პიროვნებები, რომლებსაც ინტერესი აქვთ რუსეთის სპეცსამსახურების დავალება როგორმე გადაკვეთონ საზღვარი რუსეთის მიმართულებით.
მთლიანობაში იყო პასუხი, რომ ჯგუფი არ აპირებდა არანაირ მოლაპარაკებაზე წასვლას. ჩატაევმა განაცხადა, რომ ისიც არის მუსულმანი და ვერ დატოვებს თავის მუსულმან ძმებს და იძულებულია, დარჩეს და მანაც მიიღოს ყველა იმ მოვლენებში მონაწილეობა, რომელიც შედეგ განვითარდებოდა. მე განვუმარტე, რომ, თუ ის დარჩებოდა, ის გახდებოდა შეიარაღებული ჯგუფის წევრი და მის მიმართაც გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიება. მე ვთხოვე რომ სამართალდამცველები გამოეშვათ, ისინი დაბრუნდნენ და რამდენიმე ხანში დაიწყო სპეცოპერაცია,“ — განაცხადა გია ლორთქიფანიძემ.
ლორთქიფანიძის თქმით, ლაფანყურის სპეცოპერაციიდან 2 დღის შემდეგ ჩატაევი დაკავებული იქნა მესაზღვრეების მიერ და მას თან ჰქონდა ხელყუმბარა. მისი თქმით, ახმედ ჩატაევის მიმართ ისევე, როგორც შეირაღებული ჯგუფის სხვა წევრების მიმართ, გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
გია ლორთქიფანიძე მთავრობის წევრების იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლებიც აცხადებენ, რომ ახმედ ჩატაევის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა მტკიცებულების არარსებობის გამო, აცხადებს, რომ ჩატაევი თავიდან ბოლომდე მონაწიელობას იღებდა შეირაღებულ დაპირისპირებაში.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ შესაძლოა, მას საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდა, ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ „ჩატაევი საქართველოს მოქალაქეობას ვერ მიიღებდა».
ipress.ge